"მწვანე ალტერნატივა" გარემოს დაცვის სამინისტროს უკანონო ქმედების შესწავლას ითხოვს
 "მწვანე ალტერნატივა" გარემოს დაცვის სამინისტროს უკანონო ქმედების შესწავლას ითხოვს
15:16 18.02.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივამ" საქართველოს პარლამენტის თამჯდომარეს, მის მოადგილეებს,  საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებს "დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ საქართველოს კანონში" ცვლილების შეტანის თაობაზე შენიშვნები და კომენტარები წარუდგინა.
"მწვანე ალტერნატივის" ინფორმაციით, კანონპროექტი ყაზბეგის რაიონში, მდინარე თერგზე მშენებარე დარიალის ჰესის საჭიროებისთვის ყაზბეგის ეროვნულ პარკში შემავალი 8.7737 ჰა ფართობის ტერიტორიისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მოხსნას ითვალისწინებს.
"მწვანე ალტერნატივა" მიიჩნევს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჩადენილ უკანონო ქმედების დაფარვას ემსახურება.
"მწვანე ალტერნატივა" მოითხოვს, საქართველოს პარლამენტმა შეაჩეროს კანონპროექტის განხილვისთვის პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურები და ის კანონპროექტის ინიციატორს - საქართველოს მთავრობას დაუბრუნოს. ამასთან, ორგანიზაცია ითხოვს, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჩადენილი უკანონო ქმედება შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლონ და საჭირო ღონისძიებები გაატარონ.

ბეჭდვა