საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი განმარტავს, რომ ლაზიკაში დაბალი საგადასახადო რეჟიმი და მაღალი დონის თვითმმართველობა იქნება.
ჟურნალისტებთან საუბარში პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ლაზიკაში სპეციალური, განსაკუთრებული რეგულაციები იმოქმედებს როგორც სახელმწიფოებრივი მოწყობის, ისე საგადასახადო და ეკონომიკური თვალსაზრისით.
„ახალი ქალაქი უნდა დამკვიდრდეს არა მხოლოდ საქართველოს რუკაზე, არამედ მსოფლიო რუკაზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქს სპეციალური რეგულაციები ჰქონდეს ეკონომიკური აქტივობის, წახალისების კუთხით. მაგალითად, საგადასახადო რეჟიმი ლაზიკაში შედარებით უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დანარჩენ საქართველოშია. მას მაღალი დონის თვითმმართველობა ექნება და ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ქალაქი იქნება საქართველოს შიგნით“ – განაცხადა ცისკარიშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციაში კიდევ ერთი ცვლილებება შედის, რომელიც ლაზიკის სპეციალურ სტატუსს უკავშირდება. ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.
აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განმხილველი საყოველთაო–სახალხო კომისია შეიქმნება.
