„განახლებული საქართველოსთვის“ ზუგდიდის გამგეობას შეკრების ხელის შეშლაში ადანაშაულებს
„განახლებული საქართველოსთვის“ ზუგდიდის გამგეობას შეკრების ხელის შეშლაში ადანაშაულებს
17:04 08.05.2012
პოლიტიკური პარტია ,,განახლებული საქართველოსთვის” ზუგდიდის გამგეობას დევნილთა ფართომასშტაბიანი შეკრების ჩატარებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
როგორც „ნიუსპრესს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ პარტიას 12 მაისს შეკრების ჩატარებაზე უარი განუცხადა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციის უფროსი თენგიზ შანავა პარტიის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ალვერ იზორიას ტელეფონით დაუკავშირდა და განუცხადა, რომ ის საორგანიზაციო ჯგუფს ათეულათასობით დევნილის ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში შეკრების უფლებას არ მისცემს.
,,განახლებული საქართველოსთვის” ხელმძღვანელობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციისაგან მოითხოვს შეკრების გამართვაზე უარი წერილობით აცნობოს ან შეკრებისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფა უზრუნველყოს.
პოლიტიკური პარტიის ლიდერები და რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები აქციასთან დაკავშირებით, დევნილებს და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან. 12 მაისს, 15:00 საათზე თბილისში, რუხში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ხობსა და ჩხოროწყუში დევნილთა შეკრების გამართვა იგეგმება.

ბეჭდვა