მარნეულის მოსახლეობამ დავით ბაქრაძეს პენსიის გაზრდა სთხოვა
მარნეულის მოსახლეობამ დავით ბაქრაძეს პენსიის გაზრდა სთხოვა
15:00 18.02.2012
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მარნეულში ადგილობრივ მოსახლეობას წყლის პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
დღეს მარნეულში, მოსახლეობასთან შეხვედრისას ბაქრაძემ იმ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც მარნეულში ხორციელდება. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრისას მოსახლეობამ დასაქმების, დაზღვევის, პენსიის მომატებისა და წყლის პრობლემის საკითხი დასვა.
როგორც ბაქრაძემ ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა, წელს, მარნეულში ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება, კეთდება ქალაქის ცენტრი და მოგვარდება წყლის პრობლემაც, რომელიც მოსახლეობას კარგა ხანია აწუხებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ენის სწავლებაზეც ისაუბრა. "არასდროს ამდენ ბავშვს, ამდენ ახალგაზრდას ამ რეგიონში არ უსწავლია ქართული ენა, არასდროს ყოფილა ადგილობრივ მოსახლეობაში განცდა, რომ ქართული სახელმწიფო ასე ზრუნავს მათზე. ამის შედეგი კი არის სწორედ ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის თვალში საქართველო არის მათი სახელმწიფო, მათი სამშობლო და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც რეგიონში ხდება წლების განმავლობაში და რომელიც არის ჩვენი სამშობლოს სტაბილურობის ერთ-ერთი პირობა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე მარნეულის ცენტრში წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო და ახლად გახსნილი ქართული ენის სახლიც დაათვალიერა.

ბეჭდვა