მაია ფანჯიკიძემ დავით ბაქრაძეს ივანიშვილის მოქალაქეობაზე შეკითხვა გერმანიაში დაუსვა
მაია ფანჯიკიძემ დავით ბაქრაძეს ივანიშვილის მოქალაქეობაზე შეკითხვა გერმანიაში დაუსვა
15:16 08.05.2012
პარლამენეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კონრად ადენაუერის ფონდში გამართულ შეხვედრაზე კოალიცია "ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.  ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდში გამართულ შეხვედრას მაია ფანჯიკიძეც დაესწრო. ბაქრაძე შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ფანჯიკიძის მიერ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში უნდა მოგვარდეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოსვლის ძირითადი თემა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები იყო.
დავით ბაქრაძემ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან დიალოგის მზადყოფნა არაერთხელ დაადასტურა, მასთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დათანხმდა. მიუხედავად ამისა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 % კვლავ ოკუპირებული აქვს.
სიტყვით გამოსვლისას დავით ბაქრაძემ საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება. მან კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე ისაუბრა და დამსწრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით.
ბაქრაძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით 7 მაისს გაემგზავრა.


ბეჭდვა