პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას 27 მაისიდან იწყებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პესსამსახურის მიერ კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის „ფეისბუქის“
ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ფეისბუქის“გვერდზე ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვაც განთავსდა, სადაც ის მხარდამჭერებს 27 მაისს 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.
„მე ბიძინა ივანიშვილი, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი, 27 მაისს დღის სამ სათზე გელოდებით აქ, თავისუფლების მოედანზე, რომ ერთად დავიწყოთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანების პროცესი და ყველამ ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება“ - აცხადებს ივანიშვილი მიმართვაში.
პოლიტკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა.
როგორც „ნიუსპრესს“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა, რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს იყოს საარჩევნო სუბიექტი, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და ისარგებლოს ყველა პოლიტიკური უფლებით.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 21 აპრილს დაფუძნდა. დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ მანანა კობახიძე აირჩიეს.
