"დემოკრატიული მოძრაობა" ხელისუფლების მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ხელყოფას გმობს.
როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, "დემოკრატიული მოძრაობა" ხელისუფლებისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს კულტურულ მემკვიდრეობათა ძეგლების ხელყოფა და მათი ერთი ადგილიდან მეორეზე საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით გადატანა.
"დემოკრატიული მოძრაობის" ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ონის ცენტრიდან მურმან ლებანიძის ძეგლი აიღეს.
"ხელისუფლება ვერ ეგუება ქართველი გმირებისა თუ საზოგადოებისთვის პატივსაცემ პიროვნებათა ძეგლების თვალსაჩინო ადგილებზე განთავსებას და განაგრძობს ღირსეულ მამულიშვილთა თითქმის ყველა ძეგლისათვის ადგილების შეცვლას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. მათ ნაცვლად კი გვთავაზობენ საკუთარი უაზრო ფანტაზიის ნაყოფს - ველოსიპედების, ფლოსტების თუ დაკუჭული პლასტიკის ბოთლების ქანდაკებებს", - ნათქვამია "დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.
