უცხოელი, რომელიც საქართველოში საკუთრების უფლებით არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის უძრავ ქონებას ფლობს, ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვა ეძლევა.
შესაბამისი ცვლილება “უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში შედის.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება მიეცეს უცხოელს, რომელიც საქართველოში საკუთრების უფლებით არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის უძრავ ქონებას ფლობს და უცხოელს, რომელიც საქართველოში განახორციელებს არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას.
ამ შემთხვევებში, მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელის ოჯახის წევრებზეც - მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილებზე ან მის სრულ კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირებზე.
კანონპროექტის ავტორები დეპუტატები ზვიად კუკავა, კახა ანჯაფარიძე და პავლე კუბლაშვილი არიან.
