ჯანდაცვის სამინისტროში ბენეფიციართა ცენტრალური რეესტრი შეიქმნება, - ამის შესახებ "ნიუსპრესს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა აცნობა.
მისი განცხადებით, ორშაბათს პარლამენტში საპენსიო პაკეტის განხილვა დაიწყება.
ხუროშვილის განმარტებით, რეფორმა ითვალისწინებს ძირითადი სოციალური ბენეფიტების გაერთიანებას ერთიან საპენსიო პაკეტში.
"მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიღების შემდეგ, სოციალური ბენეფიტების ოდენობისა და ადმინისტრირების წესების განსაზღვრის პრეროგატივა მთავრობას ექნება. რეფორმის შედეგად გამარტივდება სოციალური ბენეფიტების ადმინისტრირება, ანუ დახმარებების ადმინისტრირება. სხვადასხვა სახის სოციალური დახმარების ადმინისტრირებისთვის შეიქმნება ბენეფიციართა ცენტრალური რეესტრი, სოციალური კატეგორიების ოპტიმიზაციისათვის მოქნილი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით," - აღნიშნა ხუროშვილმა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, უზრუნველყოფილი იქნება, რომ სოციალური ბენეფიტების მიღება განხორციელდეს ერთი სარკმლის პრინციპით და სხვადასხვა უწყებაში არ უწევდეს ადამიანს გარკვევა თუ რა დახმარება ეკუთვნის.
