პოლიტკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა.
როგორც „ნიუსპრესს“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა, იუსტიციის სამინისტრომ პარტია 7 მაისს დაარეგისტრირა.
მისი თქმით, პარტიის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტაცია სამინისტრომ უხარვეზოდ მიიჩნია.
„ყველა პროცედურა კანონით დადგენილი წესის თანახმად იყო გავლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას უკვე აქვს მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, დაფუძნებულია იურიდიულად და აქვს სამართლებრივი სტატუსი“- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს იყოს საარჩევნო სუბიექტი, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და ისარგებლოს ყველა პოლიტიკური უფლებით.
ბესელიას განცხადებით, პარტიას საქმიანობა უკვე დაწყებული აქვს, თუმცა, რეგისტრაციის შემდეგ, მას საქმიანობის განხორციელება დაუბრკოლებლად შეუძლია.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 21 აპრილს დაფუძნდა. დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ მანანა კობახიძე აირჩიეს. იუსტიციის სამინისტროში კი, რეგისტრაციისთვის დოკუმენტაცია დაფუძნებიდან ერთ კვირაში იქნა შეტანილი.
