საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას დღეს პატივი მიაგო. ღონისძიება ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა საფლავი გვირგვინით შეამკეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ მაშინ კაცობრიობა დიდი საფრთხის წინაშე გაერთიანდა და დიდ გამარჯვებას მიაღწია, თუმცა, დიდი მსხვერპლის ფასად.
„ამ გამარჯვებაში თავისი მსხვერპლი საქართველომაც გაიღო. თავს ვალდებულად ვთვლით, ყოველ წელს პატივი მივაგოთ იმ ხალხის ხსოვნას, რომლებმაც თავი ამ გამარჯვებას შესწირეს. ასევე, გვსურს მივულოცოთ, ამ ბრძოლის ცოცხალ მონაწილეებს“ - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა აღნიშნა, რომ პატივს მიაგებს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღეს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებას ახსოვდეს, რომ თავისუფლება თავისით არ მიიღწევა და მისთვის ბრძოლაა საჭირო.
„ასევე მნიშვნელოვანია იმ საზოგადეობის ხელშეწყობა, რომელთათვისაც თავისუფალი ცხოვრების წესი ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი“ - განაცხადა ჯონ ბასმა.
მსოფლიოში 8-9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავი აღინიშნება.
