კონკურენციის სააგენტო მთავრობის მხრიდან ბიზნესში ჩაურევლობის საკითხსა და კერძო სუბიექტებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს გააკონტროლებს, - ამის შესახებ
"ნიუსპრესს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, რეფორმა ორ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი იყო კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის გაზრდა, მეორე ეტაპი კი მისი ფუნქციების გაზრდა იქნება.
"ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენციის სააგენტო გააკონტროლებს არა მხოლოდ მთავრობის მხრიდან ბიზნესში ჩაურევლობის საკითხს, არამედ, კერძო სუბიექტებს შორის წარმოშობილ ურთიერთობასაც. კონკურენციის სააგენტოსთვის მიმართვის უფლება ექნება როგორც არაჯანსაღი ურთიერთობისას დაზარალებულ პირს, ასევე, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ინფორმაცია ექნება, რომ ბაზარზე კონკურენცია იზღუდება", - აღნიშნა ხუროშვილმა.
კონკურენციის კანონმდებლობის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში მომავალ კვირას მოხდება. მისი ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.
