ბაღათურია პრეზიდენტს მოუწოდებს სამარცხვინო განცხადებების კეთებას თავი დაანებოს
ბაღათურია პრეზიდენტს მოუწოდებს სამარცხვინო განცხადებების კეთებას თავი დაანებოს
12:23 08.05.2012
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს საკუთარი სხეულის ნაწილებზე ისეთ განცხადებას ნუ გააკეთებს, რომელიც დაცინვის საგანი ხდება.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ბაღათურიამ პრეზიდენტის ის განცხადება გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც, სააკაშვილი მზად არის რუსებს, პუტინის სურვილისამებრ, მისი სხეულის ნაწილები გაუგზავნოს, თუ ამის სანაცვლოდ რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დააბრუნებს.
ბაღათურიას თქმით, პრეზიდენტმა ამ განცხადებით საკუთარი თავიც მოიჭრა და ქვეყანაც შეარცხვინა.
„პრეზიდენტმა ის კი არა თქვა, რომ თავს დავდებ აფხაზეთისთვის და დამპყრობლებს გულს გავუგზავნიო, არამედ, სამარცხვინო და უტაქტო განცხადება გააკეთა. მას აფხაზეთი რაც უღირს, ამის გამეორება შეუძლებელია, რადგან ის საზოგადოებას პატივს არ სცემს. პრეზიდენტის ეს განცხადება შეურაცხმყოფელი იყო ყველა დევნილისთვის და იმ გმირებისთვის, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად აფხაზეთი დაიცვეს. სხეულის ნაწილების გაგზავნა გიჟ ჰიტლერსაც კი არ შეუთავაზებია სტალინის ან ჩერჩილისთვის. როდესმე, გაგიგიათ, რომ ვინმეს ეთქვა სხეულის ამ ნაწილს მოვიჭრი და ქვეყნის ნაწილში გაგიცვლითო? – აღნიშნა ბაღათურიამ.
დეპუტატის თქმით, ქვეყნის გარეთაც კარგად იციან სააკაშვილის მორალის და ზნეობის შესახებ.
ბაღათურიამ პოლიციის დღესთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, 6 მაისს მთელი ერი გიორგობის დღესასწაულს ზეიმობს, ხოლო სააკაშვილი პოლიციის დღეს.

ბეჭდვა