დღეს, 8 მაისს მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავს აღნიშნავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
ეს თარიღი საყოველთაო ღირებულებებისთვის გმირულ ბრძოლაში მსოფლიოს ხალხთა და სახელმწიფოთა სოლიდარობისა და ერთიანობის გამოვლინებას წარმოადგენს.
„მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკულმა მოვლენებმა მსოფლიოს ხალხებს ახალი საერთაშორისო სამართლის სისტემის შექმნის აუცილებლობა დაანახა, რომელიც მსგავსი გლობალური კატაკლიზმების განმეორებას გამორიცხავდა და დედამიწაზე სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი გახდებოდა“- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მათი ინფორმაციით, ფაშიზმზე გამარჯვებას კაცობრიობამ უდიდესი მსხვერპლის ფასად მიაღწია. ომმა მილიონობით ადამიანი, მათ შორის, ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე შეიწირა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ხსოვნას პატივს მიაგებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომმა შეიწირა და კიდევ ერთხელ ღრმა მადლიერებით აღნიშნავს ვეტერანთა თავდადებას და წვლილს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე“- აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტროს ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომში ქართველი მეომრები საკუთარი სამშობლოს ფარგლებს გარეთ, თავიანთი სიცოცხლის ფასად თავისუფლებას, სამართლიანობასა და მშვიდობას იცავდნენ.
