საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, რობერტ ბოშის ფონდის ცენტრალური ევროპის,
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, დსთ-სა და ჩინეთის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელს იოახიმ როგალს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობებს, ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების და საქართველოში გერმანული ფონდების მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობას დაეთმო.
ნინო კალანდაძემ იოახიმ როგალი საქართველოში დაპატიჟა და ქართული მხარის მზადყოფნა - საქართველოში გერმანული ფონდების წარმომადგენლებს უმასპინძლოს, კიდევ ერთხელ დაადასტურა.
