ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში შექმნილი კომისიის თანათავმჯდომარეები დღეს საქართველოს ეწვევიან და მოლაპარაკებათა მე-20 რაუნდის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ჟენევის დელეგაციაში სამხრეთ კავკასიისა და კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ანკი ტურუნენი და ეუთო-ს თანათავმჯდომარის წარმომადგენელი პოდრიგ მერფი შედიან.
სამუშაო შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება.
შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე უხელძღვანელებს.
ვაშაკიძის თქმით, შეხვედრაზე მხარეები დღეს ჟენევის მოლაპარაკებების მეოცე რაუნდზე განსახილველ საკითხებს ჩამოაყალიბებენ და იმსჯელებენ.
დაგეგმილია დელეგაციის წევრთა ვიზიტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში.
