წიკლაური დარწმუნებულია, რომ „უკანასკნელ რუსულ პროექტს“ განაჩენს ხალხი გამოუტანს
წიკლაური დარწმუნებულია, რომ „უკანასკნელ რუსულ პროექტს“ განაჩენს ხალხი გამოუტანს
20:02 07.05.2012
მომავალ არჩევნებში მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური გზის მქონე ძალასა და რუსულ პროექტს შორის მოუწევს. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩართვას ეხება.

„არავინ მალავს, რომ ერთი კონკრეტული ფიგურის გამო, არაორდინალური ვითარებაა შექმნილი. მან საქართველოს მოქალაქეობა ორჯერ უარყო, მოქალაქეობის მესამედ მისაღებად კი, არასწორი იურიდიული გზა აირჩია“ – განაცხადა წიკლაურმა.

„საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ხალხს საშუალება ეძლევა ან ის ძალა აირჩიოს, რომელსაც მკაფიო პოლიტიკური გზა აქვს ან რუსული პროექტი. მწამს, რომ მომავალ არჩევნებში ქართველი ხალხი უკანასკნელ რუსულ პროექტს განაჩენს გამოუტანს“ – განაცხადა წიკლაურმა.

ცვლილებების თანახმად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საარჩევნო პროცესებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ 2015 წლის 1 იანვრამდე ექნებათ. ეს პირები ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად უნდა ცხოვრობდნენ.

ბეჭდვა