ევროპის კვირეულის ფარგლებში თსუ-ს გიორგი ბარამიძე ესტუმრა
ევროპის კვირეულის ფარგლებში თსუ-ს გიორგი ბარამიძე ესტუმრა
19:05 07.05.2012
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროპის კვირეულის ფარგლებში საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე ესტუმრა.

როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, ბარამიძე სტუდენტებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ევროსტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანება ქართულ ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება.

„ახალგაზრდები კარგად უნდა იყვნენ ინფორმირებული ევროკავშირთან ურთიერთობებზე - რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რა მიზნებს ისახავს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და საბოლოო ჯამში რას მოუტანს ეს ჩვენს საზოგადოებას“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ღონისძიებას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილიც ესწრებოდა. შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა. სტუდენტები ევროკავშირში გაწევრიანების ხელისშემშლელი ფაქტორებით, ევროკავშირის ქვეყნებში ქართველ სტუდენტთა სწავლის დაფინანსების საკითხებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებითა და საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობებში შესაძლო ცვლილებებით დაინტერესდნენ.

„ევროპის კვირეული“ თბილისში ყოველწლიურად ტარდება. წლევანდელი კვირეული „ევროპის სახლში“ გაიხსნა და 30 მაისამდე გაგრძელდება.

ბეჭდვა