პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი არჩევნებში ევროკავშირის მოქალაქეებისთვის სამწლიანი
ვადის განსაზღვრას ლოგიკურს უწოდებს.
კუბლაშვილის განმარტებით, სწორედ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ტარდება საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ახლი ფორმულირებით ჩამოყალიბდა.
კუბლაშვილის თქმით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაგეგმილ არჩევნებში ჩართვის საშუალება ნებისმიერ ადამიანს ექნება.
საკონსტიტუციო ინიციატივა, რომლის გათვალისწინებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ეძლევათ, დროებითი ნორმა იქნება, რომელიც მხოლოდ მომდევნო სამი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
შესაბამისი ჩანაწერი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში კეთდება და მას შემდეგი შინაარსის 104/4 მუხლი ემატება - „2015 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით გათვალისწინებული პასიური და აქტიური საარჩევნო უფლებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ასევე სარგებლობენ პირები, რომლებიც დაბადებული არიან საქართველოში, 10 წელი უცხოვრიათ, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ“.
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ხვალ იმსჯელებს.
