სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელებაზე ლიცენზიის მოპოვებასთან ერთად ავტორიზაციის გავლა იქნება საჭირო. აღნიშნულს საკანონმდებლო ცვლილებების
პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
ცვლილებების თანახმად, სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელებაზე ლიცენზირების რეჟიმთან ერთად ავტორიზაციის რეჟიმი დგინდება, რომელსაც მაუწყებლის სფეროში ნებისმიერი ტექნოლოგიის გამოყენებით მაუწყებლობა დაექვემდებარება, საეთერო და თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით მაუწყებლობის გარდა.
კანონპროექტით ასევე რეგულირდება ავტორიზაციის ერთიანი წესი, ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის წესი და მათი ძირითადი ვალდებულებები.
ცვლილებების მიხედვით, ტერმინი „ლიცენზიის მფლობელი“ ტერმინით „მაუწყებელი“ იცვლება, რომელიც მოიცავს როგორც ლიცენზიის მფლობელს, ისე ავტორიზებულ პირს.
კანონპროექტის ავტორები უმრავლესობის წევრები თეიმურაზ წურწუმია და ზვიად კუკავა არიან.
