ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, ბოლო 3 წელი საქართველოში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს.
საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი ფორმულირების თანახმად, 2015 წლის 1 იანვრამდე არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ პირებმა, რომლებიც დაბადებული არიან საქართველოში, 10 წელი აქ ცხოვრობდნენ, ბოლო 3 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ.
კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
„ეს მნიშვნელოვანი ვადაა იმ პირებისთვის, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა არა აქვთ და პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა სურთ. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილი საქართველოდან გავიდა და ამ ან სხვა მიზეზით, პოლიტიკურ პროცესში ჩართული არ არის“ – აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პარლამენტი ხვალ პლენარულ სხდომაზე დაიწყებს.
