სასამართლო მედიაციის თემაზე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის საფუძველზე, სასამართლო სისტემაში მედიაციის ინსტიტუტი დაინერგება, რაც დავის მოგვარებას
სასამართლოს ჩარევის გარეშე ითვალისწინებს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, მემორანდუმის თანახმად, მხარეები აცხადებენ, რომ მზად არიან საქართველოში სასამართლო სისტემაში მედიაციის ინსტიტუტი დაამკვიდრონ.
„მიმაჩნია, რომ ეს ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც სასამართლოსთვის ისე საზოგადოებისთვის. სასამართლო საქმეებისგან განიტვირთება, საზოგადოება კი, სასამართლოს გარეშე, მედიატორის საშუალებით მორიგების გზით შეძლებს დავის გადაწყვეტას“- აღნიშნა კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნებში სადაც აღნიშნული ინსტიტუტი მოქმედებს, შედეგი 80%-იანია.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოსტანტინე კუბლაშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ვალერი ცერცვაძემ, ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, ასევე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და მთავრობის კანცელარიის წარმომადგენლებმა.
