ილიაუნისთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის აქცია გაიმართა
ილიაუნისთან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის აქცია გაიმართა
17:28 07.05.2012
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა ტელეკომპანია „კავკასიის“ სტუდიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული 8 ახალგაზრდის გათავისუფლების  მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა.

აქციაზე დაკავებულთა ოჯახის წევრები და სამღვდელოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

აქციაზე შეკრებილებმა დაკავებულებს რწმენის პატიმრები უწოდეს და ხელისუფლებისგან მათი გათავისუფლება მოითხოვეს.

დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებით, ილიას უნივერსიტეტში რექტორის უშუალო ხელშეწყობით მოხდა მწერალ ერეკლე დეისაძის წიგნის - „საიდუმლო სირობის“ პრეზენტაცია, რამაც საზოგადოების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა და ამაზე პროტესტის გამოთქმის გამო, 8 ახალგაზრდა დააკავეს.

როგორც აქციის მონაწილეებმა „ნიუსპრესთან“ საუბარში განაცხადეს, 2 წლის წინ „კავკასიაში“ გადაცემა „ბარიერის“ მსვლელობისას მომხდარი ინციდენტის გამო, 8 ახალგაზრდა უკანონოდ დააკავეს. 6 მათგანს 4 წელი და 6 თვე აქვს შეფარდებული, ორს კი, ავთანდილ ლუმბაძეს და რატი მაისურაძეს ახალი ბრალდება წაუყენეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.


ილიას უნივერსიტეტიდან აქციის მონაწილეები „კავკასიის“ შენობის მიმართულებით დაიძრნენ, სადაც, ასევე, თავის პროტესტსს დააფიქსირებენ.

როგორც ცნობილია, 2010 წლის 4 მაისს ილიას უნივერსიტეტში ერეკლე დეისაძის წიგნის „საიდუმლო სირობის“ პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნულმა წიგნმა საზოგადოებისა და რელიგიური ორგანიზაციების პროტესტი გამოიწვია. 7 მაისს გადაცემა „ბარიერში“ აღნიშნული წიგნის განხილვისას დეისაძის მომხრე-მოწინააღმდეგეებს შორის სიტუაცია დაიძაბა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სიტუაცია საპატრულო პოლიციის ჩარევით განიმუხტა. ჟურნალისტური საქმიანობითვის ხელის შეშლისა და ხულიგნობის ბრალდებით, 8 ახალგაზრდა დააკავეს.

ბეჭდვა