დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბმა „საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევი“ შექმნა, რომლის პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარეობს.
პრეზენტაციას სამეცნიერო და საექსპერტო წრეების წარმომადგნლები, ასევე, პოლიტიკოსები ესწრებიან.
როგორც გამოცემის რედაქტორმა და ერთ-ერთმა ავტორმა სოსო ცისკარიშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, კრებულის შექმნის იდეა ერთი წლის წინ, მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მოდერნიზაციის შესახებ განაცხადა.
„ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ხედვა დემოკრატიული პროცესების განვითარების შესახებ საინტერესო იქნება“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, კრებული ორი ნაწილისგან შედგება - პირველ ნაწილში საუბარია სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე, მეორე კი - ადამიანის უფლებათა დაცვას ეხება.
ავტორები, უცხოელი პარტნიორების დაინტერესის შესაბამისად, კრებულის ინგლისური ვარიანტის შექმნასაც გეგმავენ.
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი 2008 წლის ოქტომბერში შეიქმნა. კლუბი პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალური სფეროს და სხვა სფეროების ექსპერტებს აერთიანებს.
მისი წევრები ზურაბ აბაშიძე, არჩილ გეგეშიძე, იაგო კაჭკაჭიშვილი, ლია მუხაშავრია, ლაშა ტუღუში, რამაზ საყვარელიძე და სხვა ექსპერტები არიან.
