პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრებს შეხვდება.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კამპანია „ეს შენ გეხებას“ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელებს, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ეხება.
„ეს შენ გეხებას“ ერთ-ერთი წინადადება არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწას ითვალისწინებს.
კამპანიის მონაწილეები წინასაარჩევნო პერიოდში ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომების პირდაპირ ინტერნეტ-ტრანსლირებას მოითხოვენ.
“ეს შენ გეხება” ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების კანონით რეგულირებასაც მოითხოვს. კერძოდ, არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე წინასაარჩევნო შეზღუდვები საარჩევნო წლის 1 ივნისიდან უნდა დაწესდეს. ასევე, უნდა გაიზარდოს იმ პირთა წრე, ვისაც საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება არა აქვს.
„ეს შენ გეხება“ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებსა და პრეზენტაციებზე აგიტაციის აკრძალვის მომხრეა.
კამპანიის კიდევ ერთი ინიციატივა საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის მედიათანაბრობის უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს. ამასთან, ჩამოყალიბდა ფარული რეკლამის დეფინიცია.
