პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების“ მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით, უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში, პარტიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული სოფელი იქნება.
როგორც დღეს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, სოფლის დასახმარებლად პირველ რიგში კანონი „სოფლის შესახებ“ უნდა მიიღონ, რომელსაც „მემარჯვენეები“ ახალი მოწვევის პარლამენტის პირველივე სესიაზე წარადგენენ.
„ამ კანონის თანახმად, სოფელი თავად გახდება საკუთარი ქონებისა და ფინანსური რესურსების განმკარგველი და თავად აირჩევს სოფლის ხელმძღვანელს“- აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ამას ყველა იმ პრობლემის ეტაპობრივი გადაწყვეტა უნდა მოჰყვეს, რაც დღეს სოფლის მოსახლეობას აწუხებს.
„გადაწყვეტილება იმ 700-ზე მეტი შეხვედრის ლოგიკური შედეგია, რომელიც „მემარჯვენეებმა“ სხვადასხვა სოფელში გამართეს“- განაცხადა „მემარჯვენეების“ ლიდერმა.
მისივე თქმით, "ახალი მემარჯვენეები" დღეიდან სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს საზოგადოებას გააცნობენ.
გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში მოსახლეობის 47% სოფლად ცხოვრობს, შესაბამისად, ხელისუფლება ვალდებულია, თავისი ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარს, ცხოვრების ნორმალური პირობები შეუქმნას.
