ბურჯანაძის შეფასებით, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს აქციების მიმართ სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვთ
ბურჯანაძის შეფასებით, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს აქციების მიმართ სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვთ
15:41 07.05.2012
„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გუშინ მოსკოვში აქციის დაშლის და 2011 წლის 26 მაისის საქართველოს მოვლენები ერთმანეთს შეადარა.
ბურჯანაძის თქმით, მოსკოვის აქციის დაშლისას მის მონაწილეებს ისევე მოეპყრნენ, როგორც გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება.
მისი განცხადებით, ქართული ნაციონალური ტელეარხები კი, სრულიად საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებენ, რაც სამარცხვინოა.
„მოსკოვში ნამდვილად დაიღუპა ადამიანი, მაგრამ მაშინ, როდესაც უკეთესი კადრის გადასაღებად კიბეზე ადიოდა და კიბე ჩამოენგრა. ეს უბედური შემთხვევაა. მე იქ არ მინახავს არც ერთი გახეთქილი თავი, დასისხლიანებული სახე და არც ერთი ისეთ მდგომარეობასთან მიახლოებული ადამიანი, რაც თბილისში 26 მაისის ღამეს ვნახეთ“-აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, რუსეთს ნამდვილად არა აქვს დემოკრატიაზე პრეტენზია, მაგრამ აქციის წევრებისა და ხელმძღვანელების მიმართ დამოკიდებულების კუთხით, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებებს შორის რადიკალური სხვაობაა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განმარტებით, მოსკოვის აქციაში მონაწილეებმა მაქსიმუმ 10 დღიანი თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა მიიღეს, საქართველოს შემთხვევაში კი, მისი თქმით, 26 მაისის ღამეს 890 ადამიანი დააპატიმრეს და ყველა მათგანი სასტიკად სცემეს.
მისივე თქმით, კანონდარღვევა იყო ისიც, რომ ყველა ნაცემ ადამიანს სადაზღვევო კომპანიებმა მკურნალობაზე უარი უთხრეს, 42 პოლიტპატიმარი კი, ამ დრომდე ციხეშია.

ბეჭდვა