უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პარლამენტში ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებას გმობს.
არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დაწყებამდე ბაღათურიამ განაცხადა, რომ პარლამენტში შემაშფოთებელი ტენდენცია დამკვიდრდა, რაც ქსენოფობიურ და კრიმინალურ „გამოხტომებში“ ვლინდება.
„პარლამენტის სამარცხვინო წევრები, რომლებიც კრიმინალური მოქმედებით გამოირჩევიან, საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა იყვნენ. ვერავის ვაპატიებთ შეურაცხყოფას ეთნიკური ნიშნით. კრიმინალურ ქმედებაზე ყველამ პასუხი უნდა აგოს“ - აღნიშნა ბაღათურიამ.
ქსენოფობიური განცხადებების საკითხთან დაკავშირებით ბაღათურია საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთანაც გეგმავს შეხვედრას.
ქსენოფობიური განცხადებების ერთ-ერთ მაგალითად ბაღათურიამ 24 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტი დაასახელა. სხდომაზე ბარათურიას და უმრავლესობის წევრს, მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატ აზერ სულეიმანოვს შორის დაპირისპირება მოხდა. სულეიმანოვმა ბაღათურია ჯონდი ბაღათურიანად მოიხსენია. სულეიმანოვის მიერ გაკეთებული განცხადება - „სომეხი კოლეგა ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა“, სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაგმეს.
