საია საკონსტიტუციო ცვლილებებს სახელმწიფო სუვერენიტეტის თვალსაზრისით საფრთხედ მიიჩნევს
საია საკონსტიტუციო ცვლილებებს სახელმწიფო სუვერენიტეტის თვალსაზრისით საფრთხედ მიიჩნევს
13:14 07.05.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები სახელმწიფო სუვერენიტეტს  სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს. ამის შესახებ განცხადება საია-ს წარმომადგენელმა თათული თოდუამ დღეს საყოველთაო–სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე გააკეთა.

თოდუამ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობას ეხება, უარყოფითად შეაფასა.

„საკონსტიტუციო ცვლილებები სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს და საქართველოს მოქალაქეების მიერ ქვეყნის მართვის კონსტიტუციურ პრინციპს“ – აღნიშნა თოდუამ.

მისი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებები ერთჯერადი პოლიტიკური მოვლენის გამოძახილია და მიზნად ისახავს, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს ეძლევათ, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და აქ 10 წელი მაინც უცხოვრიათ.

ბეჭდვა