კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე სუბიექტებმა პარლამენტს „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი წარუდგინეს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი სხვადასხვა საკითხის მოგვარებას ითვალისწინებს, მათ შორის, არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწას, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რეგულირებას, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის მედიის თანაბარ ხელმისაწვდომობას და კომუნიკაციის ეროვნული კომისიის უფლება-მოსილების განსაზღვრას.
კამპანიის პროექტის მიხედვით, საუბნო-საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ყუთების გახსნამდე უნდა დაფიქსირდეს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რიცხვი, რაც კამპანიის მონაწილეთა განცხადებით, კომისიების მიერ არჩევნების დასრულების შემდეგ ელექტორატის რიცხვის შეცვლას გამორიცხავს.
ცვლილებათა პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე წინასაარჩევნო შეზღუდვები საარჩევნო წლის 1 ივნისიდან უნდა დაწესდეს.
ასევე, იზრდება პირთა წრე, ვისაც საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება არა აქვს, იკრძალება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინასებით ორგანიზებულ ღონისძიებებზე აგიტაცია და სხვა.
„დამატებით რეგულაციები შემოგვაქვს, რათა ხელისუფლებამ წინასაარჩევნო პროცესში სხვადასხვა პროექტი არ დააფინანსოს, რომელიც საბოლოოდ ამომრჩეველზე მოახდენს გავლენას“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა ეკა გიგაურმა.
მისივე თქმით, ყურადღება გამახვილდა წინასაარჩევნო გარემოში მედიის როლზე, რათა მას მეტად ჰქონდეს სხვადასხვა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება, ასევე, ჟურნალისტთა ქცევის კოდექსზე.
