ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით
კონსტიტუციაში დროებითი, 3-წლიანი ნორმა ჩაიწერება. ამის შესახებ საყოველთაო-სახალხო განხილვის საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე იურიდიულ საკითხათა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა განაცხადა.
კუბლაშვილის განმარტებით, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება, რომ ევროკაშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს უფლება ექნება პარლამენტში იყაროს კენჭი ან არჩეულ იქნას რომელიმე თანამდებობაზე.
„ნიუსპრესის“ კითხვაზე გარდამავალ დებულებაში სამწლიანი ნორმის განსაზღვრა უკავშირდება თუ არა მომავალ საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივ არჩევნებს, კუბლაშვილმა განმარტა, რომ ამ ნორმის ამოქმედება ყოველგვარი სპეკულაციების გამორიცხვას ემსახურება.
„სპეკულაციებს, თითქოს ბიძინა ივანიშვილს რომელიმე არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნება, ერთხელ და სამუდამოდ გამოვრიცხავთ“ – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
პარლამენტი პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობას ხვალ დაიწყებს. ცვლილებების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებს ეძლევათ, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და აქ 10 წელი მაინც უცხოვრიათ.
