ნიკოლოზ ვაშაკიძემ ნიკოლა სარკოზის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
ნიკოლოზ ვაშაკიძემ ნიკოლა სარკოზის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა
12:17 07.05.2012
საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის,  მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, სარკოზიმ საქართველოს კარგი მეგობრობა გაუწია და დიდი დახმარება აღმოუჩინა.

„სარკოზის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით საქართველოსთვის რთულ დღეებში ჩვენთვის გაწეულ დახმარებაში შეტანილი წვლილისთვის. სარკოზი ქართველი ხალხის მეხსიერებაში მუდამ მეგობარი იქნება“- განაცხადა ვაშაკიძემ.

რაც შეეხება საფრანგეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს, ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ ის გამოცდილი და სერიოზული პოლიტიკოსია, მკაფიოდ გამოხატული დემოკრატიული ღირებულებებით.

მან იმედი გამოთქვა, რომ ოლანდის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა კვლავ ნაყოფიერი იქნება.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 6 მაისს გაიმართა. საფრანგეთის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში სოციალისტმა ფრანსუა ოლანდმა გაიმარჯვა.

ბეჭდვა