დეპუტატი ჯონდი ბაღათურია დღეს ადამიანის უფლებათა დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც „სიძულვილის ენას“ დაგმობს.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, საუბრის მთავარი თემა საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში ქსენოფობიური ტენდენციები, სიძულვილის ენაზე საუბარი და ეთნიკური ნიშნით შეურაცხყოფის კონკრეტული ფაქტები იქნება.
ბაღათურია ასევე ისაუბრებს 24 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ინციდენტზე, რომელიც მას და უმრავლესობის წევრს, მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატ აზერ სულეიმანოვს შორის მოხდა. სულეიმანოვმა ბაღათურია ჯონდი ბაღათურიანად მოიხსენია. სულეიმანოვის მიერ გაკეთებული განცხადება - „სომეხი კოლეგა ბატონი ჯონდი ბაღათურიანი თავის სომხურ აზრზე დარჩა“, სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაგმეს.
არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაგეგმილი შეხვედრა პარლამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.
