სააკაშვილმა რუსული აგრესიის დროს დაღუპული პოლიციელები გაიხსენა
სააკაშვილმა რუსული აგრესიის დროს დაღუპული პოლიციელები გაიხსენა
15:29 06.05.2012
გორში, პოლიციის საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული პოლიციელები გაიხსენა.  

მიხეილ სააკაშვილმა რუსულ აგრესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2008 წელს ხელისუფლებამ საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩიუნაბაც შეძლო და ქვეყნის განვითარებაც არ შეჩერებულა.

„ჩვენ მაშინ წარმოუდგენელი მობილიზებულობის ჩვენება მოვახერხეთ. არა მხოლოდ მთავრობა არ გაქცეულია, ყველა პოლიციელი და სამთავრობო უწყება გამართულად მუშაობდა. ქართველმა პოლიციელებმა წარმოუდგენელი გმირობის მაგალითები აჩვენეს “-აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველო გაცილებით ამაყი ქვეყანაა.

„ჩვენ ყველამ ერთად ვთქვით - „არ გვეშინია და არ დავნებდებით მტერს“. დღესაც იგივეს ვიმეორებთ - საქართველო არასდროს დანებდება და არასდროს იტყვის უარს თავისუფლებაზე“-აღნიშნა პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა რუსული აგრესიის დროს დაღუპული პოლიციელები გაიხსენა და მათ გმირობაზეც ისაუბრა.

„ქედს ვიხრით ომში დაცემული და იმ პოლიციელების წინაშე, ვისაც სადემარკაციო ხაზის გასწვრივ, პოსტებზე ესროდნენ, ისინი კი, ცეცხლს უკან არ უბრუნებდნენ და მხოლოდ დახოცილი თანამშრომლები გაჰყავდათ პოზიციებიდან “- განაცხადა მან.

სააკაშვილმა რუსული ჯარების გასვლის დროს განმუხურუს ხიდზე რუსების მიერ მოკლული, 22 წლის მარტვილელი პოლიციელი ბესო ხულორდავა გაიხსენა და მას გმირობის და სამშობლოს სიყვარულის მაგალითი უწოდა.

მან განმარტა, რომ ბესო ხულორდავამ შეთანხმების მიხედვით, 2008 წელს რუსული ჯარი გააცილა, თუმცა, ერთ-ერთმა რუსმა ჯარისკაცმა მას ესროლა და მოკლა.




ბეჭდვა