დავით უსუფაშვილი მურმან დუმბაძის განცხადებებს პასუხობს
დავით უსუფაშვილი მურმან დუმბაძის განცხადებებს პასუხობს
18:18 17.02.2012
რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" ლიდერის, მურმან დუმბაძის განცხადებებს პასუხობს. მისი თქმით, ის ამ პერიოდის გნმავლობაში დუმბაძის განცხადებების კომენტირებას თავს არიდებდა, თუმცა ეხლა დუმილს იძულებით არღვევს.
" საერთო საქმის ინტერესებიდან გამომდინარე აქამდე ვდუმდი, თუმცა მედიაში მურმან დუმბაძის მიერ ატეხილი აჟიოტაჟის გამო იძულებული ვარ განვაცხადო შემდეგი: როგორც ჩანს, შეთანხმებისათვის ჩემი მზაობა მურმან დუმბაძემ მხოლოდ საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირებად აღიქვა, ხოლო თანამშრომლობისთვის გაწვდილი ხელი - მისთვის მიუღებელ მარწუხად" - ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
" ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლისთანავე განაცხადა რესპუბლიკურ პარტიასთან და თავისუფალ დემოკრატებთან - როგორც წამყვან პოლიტიკურ პარტნიორებთან, თანამშრომლობის შესახებ. მურმან დუმბაძემ, თავის მხრივ, საჯაროდ გამოხატა ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის სურვილი. შექმნილ ვითარებაში მე ასევე საჯაროდ, ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით ჩვენს შორის ურთიერთობის მოგვარების თაობაზე არაერთხელ გამოვხატე მზადყოფნა.
მიუხედავად დიალოგისთვის ჩემი საჯაროდ გამოხატული მზაობისა, მურმან დუმბაძე აგრძელებდა, ერთი მხრივ, რესპუბლიკურ პარტიაზე თავდასხმებს და, მეორე მხრივ, ცდილობდა ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელი გზების ძიებას. ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლებმა მას მკაფიოდ განუმარტეს, რომ ამ გზით ის სასურველ შედეგს ვერ მიაღწევდა და საჭირო იყო უშუალოდ ჩემთან შეხვედრა. ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა თავად ბიძინა ივანიშვილმაც.
მურმან დუმბაძესთან დაახლოებით თვენახევრის წინ შემდგარი შეხვედრისას ჩემი სათქმელი იყო მარტივი, მკაფიო და საქმიანი. მე ვუთხარი, რომ მართალია რესპუბლიკურ პარტიასთან მისი ძველი ურთიერთობის აღდგენა ორმხრივად შეუძლებელი იყო მაგრამ ჩვენ შეგვეძლო გავმხდარიყავით პარტნიორები საერთო დიდ საქმეში. ამისათვის საჭირო იყო, რომ არც ერთს მიზნად არ დაგვესახა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამოყენებით ერთმანეთისთვის რაიმეს დამტკიცება ან რევანში და გამოგვეძებნა აჭარის მასშტაბით ჩვენი კოალიციური პოლიტიკური საქმიანობის ფორმატი. ჩვენ ამ შესაძლო ფორმატის არანაირ კონკრეტულ დეტალებზე არ გვისაუბრია და შევთანხმდით, რომ გავაგრძელებდით კონსულტაციებს.
კონსულტაციების გაგრძელების ნაცვლად მურმან დუმბაძემ ახალი შემართებით გააგრძელა რესპუბლიკური პარტიის საწინააღმდეგო კამპანია (ამჯერად ეს "პატივი" კობა დავითაშვილსაც ერგო). მეტიც, ბოლო ხანებში საკითხი ისე წარმოაჩინა, რომ თითქოს მე მას შეხვედრის დროს გაუბედავად, მოკრძალებით და ირიბად ვთხოვე პარტიაში დაბრუნება. როგორც ჩანს შეთანხმებისათვის ჩემი მზაობა მან მხოლოდ საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირებად აღიქვა, ხოლო თანამშრომლობისთვის გაწვდილი ხელი - მისთვის მიუღებელ მარწუხად.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ მურმან დუმბაძე მოუხმობს კეთილგონიერებას, გაიაზრებს და გაითვალისწინებს არა მხოლოდ ჩემს, არამედ, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის რჩევებსა და პოზიციებს და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსისთვის შესაფერის ნაბიჯებს გადადგამს, ჩვენ მოვახერხებთ თანამშრომლობის ფორმატის გამოძებნას.
ამასთანავე, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო ჩემი და ჩემი კოლეგა რესპუბლიკელების თმენის ვალდებულება არ არის უსაზღვრო. ხშირად სწორედ რომ რაღაცის მოთმენა და რაღაცასთან შეგუება ნიშნავს პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება არა პიროვნულ სიმპათიებს თუ ემოციებს, არამედ ქვეყნისათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მყარი კოალიციური პოზიციის ჩამოყალიბებას, როგორიცაა ტაო-კლარჯეთში ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენა, რელიგიური და სამოქალაქო მშვიდობა და კეთილმეზობლური ურთიერთობა თურქეთთან" - ნათქვამია დავით უსუფაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბეჭდვა