მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად საქართველოში გრძელვადიანი მისიით კანადელი და ფრანგი დამკვირვებლები ჩამოვიდნენ.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტიდან“ აცნობეს.
ამასთან დაკავშირებით, საქართველოში „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ სადამკვირვებლო და მონიტორინგის მისიის თანათავმჯდომარე ჯო რაის ჯონსონი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ხვალ პრესკონფერენციას გამართავს.
„ღია დემოკრატიის კომიტეტი“ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აკვიდება თუ რამდენად სამართლიანად და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად ტარდება არჩევნები.
საქართველოს მთავრობამ წინასაარჩევნო პერიოდში პროცესების მონიტორინგის მიზნით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების საქართველოში მოვლინების თხოვნით ოფიციალური მოწვევა არჩევნებამდე 7 თვით ადრე გაუგზავნა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის თქმით, სამინისტროს მიერ გაგზავნილ წერილებზე პირველი ოფიციალური გამოხმაურება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისისგან მიიღეს. მათი წარმომადგენლებით დაკომპლექტებული პირველი სადამკვირვებლო მისია საქართველოს 11-16 ივნისს ეწვევა.
