„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩახვაძე დღეს ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ ედპ-დან აცნობეს, ჩახვაძემ შეხვედრა პარტიის განახლებული პროგრამა „დასაქმებული საქართველოს“ ფარგლებში გამართა.
მან მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სახელმწიფო თითოული მოქალაქის კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი.
„როდესაც ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკით 300 ათასი უმუშევარი პირია, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით ეს რიცხვი გაცილებით მეტია, როდესაც 1 800 ათასი მოქალაქე სოციალურ შემწეობას ითხოვს, ეს სახელმწიფოს სირცხვილია“- განაცხადა დეპუტატმა.
ჩახვაძის თქმით, სახელმწიფოს მაღალი ხარისხით ჩართულობა უმუშევრობის დაძლევის გადამწყვეტი ფაქტორია.
ედპ-ს განახლებული პროგრამა „დასაქმებული საქართველო“ დასაქმების კანონის მიღებას, დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს დაარსებას, უმუშევრის სტატუსის მინიჭებას, პროფესიულ გადამზადებას და შემდგომ დასაქმებას გულისხმობს.
