„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი ქეთი ზაქარეიშვილი
სასჯელაღსრულების მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.
როგორც ზაქარეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პატიმართა წამების ფაქტები და უფლებაშემლახველი მოპყრობა ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
მისი თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ციხეებში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა 144-ს აღწევს.
„ეს ციფრი ნებისმიერ ქვეყანაში, რომელსაც ელემენტარულ ცივილურობაზე აქვს პრეტენზია, ყველაზე ცოტა განგაშის მიზეზი მაინც გახდებოდა, უკეთეს შემთხვევაში კი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები უკვე დიდი ხნის დასჯილები იქნებოდნენ“- აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის გამო, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ელემენტარულ პასუხისმგებლობასაც კი არ გრძნობს.
„კალმახელიძე გლდანის მე–8 საპატიმროში ზურაბ დელიანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მიცვალებულის ჯანმრთელობის შესახებ საიდუმლოების გამხელით გარდაცვლილს შეურაცხყოფას აყენებს“- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამხელა საქართველოს კონსტიტუციის 41–ე მუხლის მე–2 პუნქტის მოთხოვნას არღვევს, რომლის მიხედვითაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
„დემოკრატიული მოძრაობა“ ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს და დიპლომატიურ კორპუსს არსებული მდგომარეობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
პატიმარი ზურაბ დელიანიძე რამდენიმე დღის წინ სამკურნალო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების მიხედვით, მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.
