მიხეილ სააკაშვილი - დონალდ ტრამპი ისტორიაში ყველაზე დიდი დეველოპერია
მიხეილ სააკაშვილი - დონალდ ტრამპი ისტორიაში ყველაზე დიდი დეველოპერია
10:56 05.05.2012
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარი რესურსები დღეს აჭარას ხმარდება.
აღნიშნული განცხადება მან ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა.
„რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა თქვა რომ ბათუმი იქნება 5 წელიწადში ყველაზე მაგარი ადგილი“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპი ისტორიაში ყველაზე ცნობილი დეველოპერია, რომლის სახელი ყველა ამერიკელმა, ყველა რუსმა, უკრაინელმა და სინგაპურელმა იცის.
„ტრამპი თავის სახელს და სიტყვებს ძალიან უფრთხილდება. გაოგნებული იყო აქ ყოფნისას და თქვა, რომ უახლოეს წლებში ეს ქალაქი ლას-ვეგასს მოშლის რუკიდანო“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, აჭარის მთავრობამ ფინანსური ზონის შესახებ კანონი დაამუშავა, რომლის ფარგლებშიც, გონიოს გარკვეული ნაწილი დიდ ფინანსურ ზონად გადაიქცევა.
„იქ იქნება სხვა იურიდიული კანონები, ფინანსური ტრანზაქციების სრული თავისუფლება და ეს აჭარისთვის და მთელი დანარჩენი საქართველოსთვის დიდი ინდუსტრია იქნება“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს აჭარის რევოლუციის რვა წლისთავთან დაკავშირებით შეხვდა და მათ მიმდინარე პროექტებზე, ახალ ინიციატივებსა და რეფორმებზე ესაუბრა.

ბეჭდვა