საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით, დამატებითი მოსაწვევები გაგზავნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძემ ოფიციალური მოსაწვევები სუამი-ს საპარლამენტო ასამბლეას (GUAM Parliamentary Assembly) და საერთაშორისო კოალიცია „დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობას“ (Community of Democracies) გაუგზავნა.
„სხვა ორგანიზაციებისთვის გაგზავნილი წერილების მსგავსად, აღნიშნულ მოსაწვევებშიც საქართველოს მზადყოფნაა ხაზგასმული, მოიწვიოს რაც შეიძლება მეტი რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებელი, მათთვის ხელსაყრელ ნებისმიერ დროს, როგორც წინასაარჩევნო, ისე საარჩევნო პროცესებზე დაკვირვების უზრუნველსაყოფად“- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის თქმით, სამინისტროს მიერ გაგზავნილ წერილებზე პირველი ოფიციალური გამოხმაურება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისისგან მიიღეს.
მათი წარმომადგენლებით დაკომპლექტებული პირველი სადამკვირვებლო მისია საქართველოს 11-16 ივნისს ეწვევა.
