სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ მიმდინარე აქციას საიას და „ლაბორატორია 1918“-ის წარმომადგენლები შეუერთდნენ
სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ მიმდინარე აქციას საიას და „ლაბორატორია 1918“-ის წარმომადგენლები შეუერთდნენ
17:50 04.05.2012
სასჯელაღსრულების სამინისტროს წინ მიმდინარე აქციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „ლაბორატორია 1918“-ის წარმომადგენლები და ჟურნალისტები შეუერთდნენ.
აქცია „სამოქალაქო სოლიდარობის კამპანიის“ წარმომადგენლებმა ციხეში პატიმარის ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრთან ხათუნა კალმახელიძესთან შეხვედრის მოთხოვნის მიზნით დაგეგმეს.
როგორც „ნიუსპრესს“ „საიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ფოფხაძემ განუცხადა, ისინი პატიმრის გარდაცვალების გარემოებებს გაეცნენ და მომხდართან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაუჩნდათ.
მისი თქმით, „საიაში“ ეჭვი აქვთ, რომ ზურაბ დელიანიძეს სამკურნალო დაწესებულებაში არასათანადოდ ეპყრობოდნენ და დროულად არ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ვერსიას, თითქოს დელიანიძე წამების შედეგად გარდაიცვალა,“საიაში“ არ ეთანხმებიან.
„ჩვენ გავეცანით დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნასაც, რომელიც ამტკიცებს, რომ დელიანიძეს სხეულზე ე.წ. ნაწოლები აღენიშნებოდა და არა ცემის კვალი. ჩვენ ამ დასკვნას ვიზიარებთ, თუმცა, გვსურს გავეცნოთ ოფიციალურ სამედიცინო დასკვნასაც“- განაცხადა ეკა ფოფხაძემ.
სამინისტროს წინ მიმდინარე აქციაზე შეკრებილი საზოგადოება დელიანიძის საპატიმროში გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან შეხვედრას მოითხოვს.
აქციაზე მისული ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სამინისტროს ადმინისტრაციის წარმომადგენლობას გაესაუბრნენ, რომელთა განცხადებით, შენობაში შესასვლელად, აკრედიტაციაა გავლაა. ჟურნალისტები სამინისტროში შესვლას ცდილობენ.

ბეჭდვა