პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრში საკონსტიტუციო ცვლილებებს დამღუპველად მიიჩნევენ
პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრში საკონსტიტუციო ცვლილებებს დამღუპველად მიიჩნევენ
17:41 04.05.2012
არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრში „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ შემუშავებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქისთვის იგივე უფლებების მინიჭებას გულისხმობს, რომელიც საქართველოს მოქალაქეს აქვს დამღუპველად მიიჩნევენ.
ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა კახა კახიშვილმა დღეს ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.
მისი თქმით, კონსტიტუცია ერთეული პიროვნებების ინტერესების მიხედვით არ უნდა იცვლებოდეს.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ინიციატივა დამღუპველია. ხალხი საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უნდა ირჩევდეს, მის ინტერესებთან უნდა იყოს შესაბამისობაში მოსული და არა საფრანგეთის ან იტალისს მოქალაქის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ამ შემთხვევაში მივიღებთ კოლაფსს“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში მივიღებთ კოლაფსს, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეს საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, უფლება ეძლევა გახდეს პარლამენტის წევრი, შემდეგ აირჩეს პარლამენტში უშიშროების ან თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. ამ შემთხვევაში კი, მას ყველა სახელმწიფო საიდუმლოებაზე უკვე ხელი მიუწვდება.
„არცერთ ქვეყანაში ასე არ ხდება. ვემსგავსებით პოლიტიკურ ფუფალებს, რომლებიც ვითომ ევროპელობას ცდილობენ, ამ დროს კი, ასეთი ფაქტები ევროპაშიც არ ხდება. სახელმწიფო კი არა, მალე სერვისცენტრი ვიქნებით, სადაც ტურისტები მხოლოდ მომსახურების მისაღებად ჩამოვლენ“- აღნიშნა კახა კახიშვილმა.
იგი არც საპარლამენტო ასაკის ცენზის 25 წლიდან 21 წლამდე დაწევას ემხრობა. მისი თქმით, იგივე ხელისუფლებამ გარკვეული პერიოდის წინ მოსამართლეობის ასაკის ცენზი 28 წლიდან 30 წლამდე გაზარდა.
„გაუმართლებელია, როდესაც მოსამართლეობის ცენზი იზრდება, ხოლო პარლამენტის წევრობისა იკლებს. რატომ ხდება, რომ იმ პირთა ასაკი ახალგაზრდავდება, რომლებმაც მოსამართლეებისთვის კანონები უნდა შექმნას“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მისივე თქმით, კონსტიტუცია მხოლოდ ფარატინა ქაღალდს არ უნდა წარმოადგენდეს. აღნიშნულ შემთხვევებში, ჯობდა ხელისუფლებას კანონები შეეცვალა და კონსტიტუციას არ შეხებოდა.

ბეჭდვა