საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის ხელმძღვანელობით ვილნიუსში, დემოკრატიის საკითხებისადმი მიძღვნილ საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობს.
ფორუმს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი და 20 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერები ესწრებიან.
ფორუმზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიის განვითარების საკითხები განიხილება.
მაკკეინმა ფორუმზე თავის გამოსვლაში ყურადღება საქართველოსაც დაუთმო და აშშ-ს და ევროპას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ფორუმზე სიტყვით საქართველოს დელეგაციის წევრებიც გამოვიდნენ და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
როგორც „ნიუსპრესს” ვიცე-სპიკერის სამდივნოდან აცნობეს, ფორუმის ფარგლებში, გიგი წერეთელი და პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკი ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდნენ.
სენატორთან საუბარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ რეფორმებზე, საარჩევნო კანონმდებლობასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაიმართა. საუბრის ერთ-ერთი თემა ნატო-ში ინტეგრაცია და აშშ-სთან ორმხრივი თანამშრომლობა იყო.
ქართველმა დეპუტატებმა შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოთა წარმომადგელებთანაც გამართეს.
