პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი მომავალ პარლამენტში პლენარული სხდომების 12:00 საათზე დაწყებას ეთანხმება.
აღნიშნული კომენტარი გოგორიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ქუთაისის მაჟოროტარმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ 11 საათის ნაცვლად, 12 საათზე სხდომების დაწყება გააპროტესტა.
ხათუნა გოგორიშვილი განმარტავს, რომ არც ერთ საკითხთან დაკავშირებით კატეგორიული დამოკიდებულება არა აქვს და ყველა შენიშვნისა და არგუმენტის მოსასმენად მზადაა.
„პირადადად ჩემი პოზიციაა, რომ პლენარული სხდომები 12:00 საათზე დაიწყოს. მთავარია, რომ სამუშაო საათების რაოდენობა იგივე იყოს. არავისთვის დასამალი არ არის, რომ ქუთაისში ადამიანებს სხვადასხვა რაიონებიდან, ასევე თბილისიდან მოუწევთ სიარული. ძველი პარლამენტების გამოცდილების თანახმად, დეპუტატების ნახევარზე მეტის საცხოვრებელი ადგილი თბილისია. თუ დღეს 60–მდე დეპუტატს უწევს რაიონებიდან თბილისში სიარული, მომავალ პარლამენტში, ვეჭვობ, ქუთაისში ჩასვლა გაცილებით მეტს მოუწევს“– აღნიშნა გოგორიშვილმა.
რეგლამენტის ახალი პროექტის თანახმად, მომავალი პარლამენტის სხდომები ოთხშაბათსა და პარასკევს გაიმართება და 11 საათის ნაცვლად 12:00-ზე დაიწყება.
პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მოხდება. მანამდე კი, მას კომიტეტები განიხილავენ.
