ერგნეთის ბაზრობის საკითხი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა, მისი საშინაო საქმეა და არც მის გახსნასთან და არც მის დახურვასთან სამხრეთ ოსეთს არავითარი კავშირი არა აქვს.
ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების ტექსტის თანახმად, ქართული მედიასაშუალებები ცდილობენ ერგნეთის ბაზრობის გახსნის ინიციატივა სამხრეთ ოსეთს მიაწერონ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„ქართულმა მედიასაშუალებებმა ერგნეთის ბაზრობის გახსნის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის ახლადდანიშნულ გენერალურ პროკურორს მერაბ ჩიგოევს მიაწერეს, რომელიც ადრე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელი იყო“ - ნათქვამია განცხადებაში.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებით, სინამდვილეში სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩიგოევმა ჟურნალისტის შეკითხვაზე ერგნეთის ბაზრობის გახსნის საკითხის შესახებ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მას თავიდანვე არასწორად მიაჩნდა.
ერგნეთის ბაზარი შიდა ქართლისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარეობდა და 2004 წელს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაიხურა.
