პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ საერთაშორისო მრჩეველი მინდია გულუა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანამოაზრეების პოლიტიკიდან წასასვლელად ბოლო თეთრის დახარჯვასაც კი აპირებს.
მისი შეფასებით, პრეზიდენტი სააკაშვილი არათუ აფხაზეთს დააბრუნებს, არამედ, შესაძლოა, სხვა ტერიტორიებიც დააკარგვინოს ქვეყანას.
„ცრუობს პრეზიდენტი, როცა „აჭარის დაბრუნებას“ გვამადლის. რამდენადაც ვიცი, დღეს ამ ძირძველი ქართული მიწის დაკარგვის რეალური საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა - უპირველესად, ქართული სულის დაბინძურების საშიშროებას ვგულისხმობ“- აცხადებს გულუა.
„განახლებული საქართველოსთვის“ საერთაშორისო მრჩეველის თქმით, ისინი, ვინც ქუთაისქალაქობაზე „მიშას“ სკანდირებენ, ხელი მოაწერეს სიცრუისა და დემაგოგიის დამკვიდრებას საკუთარ ქვეყანაში.
„მე შემეცოდნენ ქანდარაზე მჯდომი ახალგაზრდები, რომელთა მომავალი, დღევანდელი გადასახედიდან, გაურკვეველია. შემეშინდა ტრიბუნაზე ამაყად მდგარი პრეზიდენტის, რომელმაც მისთვის ჩვეული დამაჯერებლობით კიდევ ერთხელ “დაგვაბრმავა” და “დაგვაყრუა”-აღნიშნა გულუამ.
ამასთან, მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმი არაქართულმა ძალებმა არ უნდა ჩაანაცვლონ.
