ოჯახში დასაქმებულ ქალბატონებს სოციალური სტატუსი უნდა მიენიჭოს, რაც საჯარო მოხელის სტატუსს გაუტოლდება.
ამ ინიციატივის თაობაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, პარლამენტარმა გურამ ჩახვაძემ დღეს საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ჩახვაძემ მოსახლეობას ედპ-ს პროგრამა „დასაქმებული საქართველო“ წარუდგინა.
„ნიუსპრესთან“ საუბარში დეპუტატმა განაცხადა, რომ აუცილებელია პარლამენტმა დასაქმების შესახებ კანონი მიიღოს, რომლის საფუძველზე დასაქმების სახელმწიფო სააგენტო შეიქმნება, სააგენტომ კი, პირს უმუშევრის სტატუსი უნდა მიანიჭოს.
„სიახლეა ისიც, რომ დიასახლისის სოციალური სტატუსი უნდა შემოვიღოთ. ვინც ოჯახშია დასაქმებული მისი სტატუსი საჯარო მოხელის სტატუსს უნდა გაუტოლდეს. დიასახლისის სოციალური სტატუსის მქონე პირებს სახელმწიფომ ხელფასი უნდა დაუნიშნოს“ - აღნიშნა ჩახვაძემ.
ედპ-ს წევრი შეხვედრაზე უმუშევართა დაზღვევის შემოღების ინიციატივაც წამოაყენა.
