კახა სეთურიძე - ხელისუფლებამ არასამთავრობოს მეშვეობით ნიადაგი მოსინჯა
კახა სეთურიძე - ხელისუფლებამ არასამთავრობოს მეშვეობით ნიადაგი მოსინჯა
15:49 17.02.2012
პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე, კახა სეთურიძე საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე გადმოტანას არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით  გაჟღერებული სახელისუფლებო ინიციატივად აფასებს.
როგორც სეთურიძემ "ნიუსპრესთან" საუბრისას განაცხადა, ამ ინიციატივის გაჟღერებით ხელისუფლებამ ნიადაგი მოსინჯა იმის შესახებ, თუ რამდენად იყვნენ მზად ოპოზიციური ძალები გაზაფხულზე არჩევნებში საბრძოლველად.
"მათ ვერ მიიღეს ის რეაქცია რასაც ელოდნენ. ყველამ და განსაკუთრებით იმ ძალამ, ვისი მისამართითაც იყო ეს განცხადება გაკეთებული, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილის კოალიციას, - განაცხადეს რომ ისინი არჩევნებს გაზაფხულზეც მოიგებდნენ" - აღნიშნა კახა სეთურიძემ.
მისი თქმით, თუ ნაციონალურ მოძრაობას არჩევნების გადმოტანა დასჭირდება, ამას აუცილებლად გააკეთებს. ნაციონალები უბრალოდ ყველა იმ ვარიანტის მოსინჯვას ცდილობენ, რაც უფრო მეტ ხმებს მოუტანს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" გუშინ განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ვადების შეცვლის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებდა, თუმცა დღეს ეს გადაწყვეტილება შეცვალა.

ბეჭდვა