არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ
15:28 17.02.2012
არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობენ, რომელსაც უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ.
"ნიუსპრესთან" საუბარში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლმა ეკა ფოფხაძემ განაცხადა, რომ სარჩელი შეეხება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონის ზოგიერთ მუხლს, რომელიც ანტიკონსტიტუციურია.
"მიგვაჩნია, რომ ეს მუხლები ანტიკონსტიტუციურია. თუ პარლამენტში არ მოხდება წარმოების დაწყება, უახლოეს მომავალში, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შევიტანთ", – აღნიშნა ეკა ფოფხაძემ.
მისივე განმარტებით, საკანონმდებლო წინადადებაში, რომელიც მოამზადეს, ჩამოყალიბებულია არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია. ფოფხაძე ამბობს, რომ პირველ რიგში ეს შეეხება პროცედურების გაწერას, პრობლემა იყო, კონტროლის პალატის საკმაოდ ულიმიტო უფლებამოსილება და არარსებული პროცედურა.
"დადგენილი არ იყო, თუ როგორ თვლიდა კონტროლის პალატა ამა თუ იმ ორგანიზაციას თუ პირს დაინტერესებულ, დაკავშირებულ პირად. ამიტომ გაიწერა პროცედურა და საკმაოდ შეიზღუდა დაკავშირებული პირის ცნება. მიგვაჩნია, რომ დაკავშირებული პირი უნდა იყოს მხოლოდ ის ორგანიზაცია ან პირი, რომელსაც გაცხადებული აქვს პოლიტიკური მიზნები და თანხებს ხარჯავს ამ მიზნებიდან გამომდინარე. ამიტომ ამ სახით ფორმულირება შევიტანეთ. დღეს მოქმედი ფორმულირებით, ის პირიც კი, ვინც პოლიტიკურ მოწოდებას ახორციელებს, ითვლება დაკავშირებულ პირად. ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა", – აღნიშნა ეკა ფოფხაძემ.
საიას წარმომადგენელი ასევე ითხოვს ყადაღის დადების პროცესის დარეგულირებას, რაც სასამართლოს მეშვეობით უნდა მოხდეს და თანაც მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში.
დღეს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი, აგრეთვე, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მიერ ხელმოწერილი პეტიცია საქართველოს პარლამენტს გადაეცა. პარლამენტის საშვთა ბიუროსთან კი აქცია "ეს შენ გეხება" გაიმართა.

ბეჭდვა