ალეკო ელისაშვილი დეპუტატების ყურადღების მიპყრობას საყვირით ცდილობდა
ალეკო ელისაშვილი დეპუტატების ყურადღების მიპყრობას საყვირით ცდილობდა
15:16 17.02.2012
ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მიერ ორგანიზებულ აქციებზე, რომელიც პარლამენტის საშვთა ბიუროსთან მიმდინარეობს, საყვირით მივიდა.   ის რამდენიმე წუთის განმავლობაში საყვირის მეშვეობით ცდილობდა დეპუტატებისა და პარლამენტის შენობაში მყოფთა ყურადღების მიპყრობას.
"ისე არ ბნელა, როგორც ჰგონიათ! მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებები არის ჯადო კანონი, დრაკონული კანონი, რომელიც ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ალეკო ელისაშვილმა.
მისი შეფასებით, ეს კანონი ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული და ცუდია, როცა კანონი ერთი კაცის წინააღმდეგაა მიღებული. საბოლოოდ, ელისაშვილის თქმით, ამ კანონის მიხედვით თითოეული ადამიანი პოტენციური პატიმარია. "პოლიტიკოსმა დაცემინების შემდეგ ხელი რომ ზურგზე დაგარტყას, ალბათ ამის გამოც სასჯელს მოგისჯიან. ჩვენ არ უნდა შევეგუოთ ასეთ უაზრო და კოშმარულ კანონებს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარლამენტში დღეს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შევიდა. არასამთავრობოებმა წამოიწყეს კამპანია "ეს შენ გეხება", რომლის ფარგლებშიც ისინი პარლამენტის მიერ მიღებული კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ.
ამ დროისთვის პარლამენტის საშვთა ბიუროსთან რამდენიმე ათეული არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები არიან. მათ მიტანილი აქვთ ფლაერები, წარწერით "ეს შენ გეხება", ასევე სხვადასხვა შინაარსის პლაკატები.
ჯერჯერობით მათ პარლამენტიდან არც ერთი დეპუტატი არ გამოხმაურებია.

ბეჭდვა